ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველი პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას ითხოვს

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა, ნონო ლომჯარიამ გადაწყვიტა, პარლამენტს მოხსენებით მიმართოს.

საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და მასში არსებულ ხარვეზებს.

საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მისი მიღება უკვე მოხდა პირველი მოსმენით. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ვენეციის კომისიას და კანონპროექტის შესახებ დასკვნის მომზადება მოითხოვა. ასევე საჯაროდ დაფიქსირდა პოზიცია, რომლის მიხედვითაც ვენეციის კომისიის მოსაზრების მიღებამდე, არ მოხდებოდა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება.

საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრთა არჩევის წესის რეფორმას. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული უფლებამოსილება და 2019 წლის 27 მარტს მივმართეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და ვთხოვეთ დასკვნის მომზადება კანონპროექტის გარშემო მაქსიმალურად დაჩქარებულად.

2019 წლის 12 აპრილს ცნობილი გახდა რომ იურიდიული კომიტეტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით 2019 წლის 15 აპრილისთვის. სამწუხაროდ, ეს ხდება ვენეციის კომისიის მოსაზრების წარდგენამდე და საზოგადოებას არ განემარტა აღნიშნულის მიზეზები საჯაროდ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს.

სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნის წერილი უკვე გადაგზავნილია. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. სახალხო დამცველმა ასევე, მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

იტვირთბა....