უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე, ფილარმონიაში განაცხადა, რომ ეს პლატფორმა დაბადებს პოლიტიკურ მოცემულობას.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სამართალი ამობრუნებულია და წინააღმდეგობაა საჭირო.
„აქ იკრიბებიან ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა აქვთ ქვეყანაზე, რომელთათვის თავისუფლების მონაპოვარი ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სამართლის გამმრუდებლებისგან ჩვენმა ყოფილმა კოლეგებმა და თანამებრძოლებმა მემკვიდრეობით მიიღეს ეს გამრუდებული სამართალი. დამოკიდებულება, როდესაც ღიად უჭერ მურუსიძეს ხმას და აცხადებ მსხვერპლად, და მართლა მსხვერპლ ადამიანებს ეუბნები, რომ ეს ყველაფერი ყოფილა ლეგიტიმური, რასაც ეს რეჟიმი ამ ადამიანების წინააღმდეგ აკეთებდა. ამას ჰქვია გამრუდება ყოფიერების, ცნობიერების, სამართლის, პრინციპების, ღირსების, მორალის- ყველაფერი გამრდებულია. შესაბამისად, ამ სიმრუდემ რომ არ ჩამოშალოს ეს სახელმწიფო, არ მისცეს საშუალება, კიდევ უფრო მახინჯი აზროვნების ადამიანებმა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ამისთვს ვფიქრობ, ეს პლატფორმა დაბადებს პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც დააბალანსებს და დაიცავს ქვეყანას ამ სიმახინჯისგან. ეს არის შემკვრელი, მაგალითი და საუკეთესო ილუსტრაცია, როდესაც სიმახინჯე შეგიძლია შემოაპარო და შესთავაზო სილამაზედ, მშვენიერებად, და თვალთმაქცობა, მექრთამეობა სიქველედ, ვაჟკაცობად და გამბედაობად. ამ მოცემულობაში ვართ, ყველაფერი თავდაყირა დგება და სხვა რაღაცებიც რომ არ ამოყირავდეს, ამისთვის წინააღმდეგობაა საჭირო”,- გოგიჩაიშვილმა.
კითხვაზე, ამ შეკრებას მესამე პოლიტიკური ძალის დაბადება ხომ არ მოჰყვება, უპასუხა, რომ ეს არასწორი სიტყვებია, თუმცა, საუბარი პოლიტიკურ მოცემულობაზეა.
“ეს არასწორი ელექტორალური სიტყვებია, მესამე ძალა არა, მაგრამ ეს ძალა, რომელიც დაიბადება, მიცემს ჩვენს მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალებას არა ორ სიმახინჯეს შორის, არამედ სხვა მოცემულობას შორის, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მათი ინტერესების დამცველი. პოლიტიკური მოცემულობა, ბუნებრივია, ნიშნავს პოლიტიკურ ობიექტს, რომელიც იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ აქ უნდა იყოს ძალიან დიდი გაერთიანება. ბუნებრივია, იმ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად, რომელიც ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ვისთვისაც ეს ფასეულობები ღირებულია”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრა ფილარმონიაში იმართება.