ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დავით ბაგრატიონი ღერებით ყიდულობს სიგარეტს” – ანა ბაგრატიონის ადვოკატი

ანა ბაგრატიონი, მეფეს დავით ბაგრატიონს სამ ავტომობილს ედავება. ამ საკითხთან დაკავშირებით ე.წ მეფის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ კომენტარიც გააკეთა.

მისი თქმით, დავით ბაგრატიონს ქონება მემკვიდრეობით ერგო. ჩხეიძის ამ განცხადებას ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავით ბაგრატიონი ევროპაში თავს ასაღებს, როგორც სამეფო ოჯახის მეთაური.

„ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. თანასაკუთრება შეიძლება აღრიცხული იყოს ერთი მეუღლის საკუთრებად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მეუღლეს არ აქვს თანასაკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი.

მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ერთი მარტივი რაღაც უნდა იცოდეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში მიეცა იმ ადამიანისთვის ერთი-ორი კაპიკი, საპატრიარქოს ხარჯზე რომ არ ყოფილიყო. ღერებით ყიდულობდა ეს ადამიანი სიგარეტს. შვილი რომ შეეძინა, მშობიარობის ხარჯები საპატრიარქოს დააფინანსებინა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა ამ დალოცვილს, სიცოცხლეშივე როგორ ვერ უზრუნველყო, რომ საპატრიარქოსთვის ქირის ფული არ გამოერთვა. ეს არის ტყუილი. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. მან ფული ქორწინების შემდგომ, ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა. ეს არის სწორედ ის ბიზნესი, რომელსაც ამ დავის ფარგლებში საფრთხე დაემუქრა.მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამიტომაა გააფთრებული, რომ დავა არ შედგეს და მომავალში კვლავაც შეძლოს ხალხის მოტყუება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს ის ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალია,“- განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

ადვოკატმა ძალადობის შესაძლო ფაქტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ციხეში ჩასმა არ არის.

„ძალადობის ფაქტები გავასაჯაროვეთ და იმის მაგივრად, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეღიარებინა, აქეთ მივიღეთ ბრალდება და ცილისწამება, რომ თითქოს შავ პიარს ვუგორებთ. ამან იძულებული გაგვხადა, რომ გაგვესაჯაროვებინა კონკრეტული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ვალდებული გახდა საქმე გამოეძიებინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი სიტყვების სიმართლე დამტკიცდეს. აღიაროს ბატონმა დავითმა, რომ ძალადობდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ციხეში ჩასმა ჩვენი ინტერესი რომ ყოფილიყო, ამის გაკეთება 2014 წელს ძალიან მარტივად შეიძლებოდა, რაც მაშინ ქალბატონმა ანამ არ გააკეთა და დღესაც არ აკეთებს,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ლევან გორელაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თითქოს ე.წ. დედოფალს საგურამოში ფეხი დადგმული არ აქვს.

„ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ანძებიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდებოდა, რომ ძალადობის დღეს ანას ტელეფონიც და დავითისაც, ორივე საგურამოს დაფარვის ზონაში არსებული ანძის მიერ არის დაფიქსირებული. რაც ნიშნავს, რომ ერთად იყვნენ. ახსნას ახლა ბატონმა ლევან ჩხეიძემ ის სიტყვები, რომლითაც ამბობდა, რომ ანას იქ ფეხი არ აქვს დადგმულიო, მაშინ როცა, ჩვენ მიერ ამოღებულ დეტალურ ამონაწერში ანას ტელეფონის ნომერი საგურამოს ანძის მიერ 700-ჯერ არის დაფიქსირებული,“ – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამეგო ოჯახებს შორის დავა სასანართლოში კვლავ გრძელდება.

იტვირთბა....