საქართველოს ეროვნულ მუზეუმში X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციაზე საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შექმნას საერთაშორისო კონსორციუმი, რათა ქართული საგალობლები ორიგინალთან მიახლოებული სახით აღადგინონ.
მისივე თქმით, ამ კონსორციუმის მუშაობაში ჩართულები იქნებიან უცხოელი ქართველოლოგები, მუსიკათმცოდნეები, მეცნიერები.
ნევმები, რომლებიც X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებშია დაცული, ძველ სამუსიკო ნიშნებს წარმოადგენს და საგალობლის ჰანგის ჩაწერა სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა. ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს და მასზე არაერთ მეცნიერი მუშაობდა. თუმცა ნევმების საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.
იმ ხელნაწერთა შორის, რომლებშიც ნევმური სისტემაა შემონახული, უძველესი და ყველაზე გამორჩეული მიქაელ მოდრეკილის “იადგარია”, რომლის კრებულის შესახებ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არაერთი სამეცნიერო კვლევა არსებობს.
ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა