სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამოხატვის თავისუფლების საკითხზე დისკუსია გაიმართა.
„შეხვედრის მიზანია ადამიანის მთავარ არსზე მსჯელობა, რომ ადამიანი დაემსგავსოს უფალს და გაემიჯნოს ბოროტებას, თავი აარიდოს ძალადობის ისეთ გამოვლინებებს, რასაც დღეს ადგილი აქვს ჩვენს საზოგადოებაში. დიდი როლი აქვს ამ მიზნის მიღწევაში მასობრივი საშუალებების მოღვაწეობას. მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველა ვამჩნევთ, რომ საზოგადოების მოწყვლადი ფენების მიმართა არის ტენდენცია აგრესიის დაგროვებისა. ისინი სხვადასხვა სოციალური პრობლემებით დამძიმებულები არიან, მათში ხდება აგრესიის დაგროვება, რადგან პირდაპირი ეთერიდან ისმის ბილწსიტყვაობა, აგრესიული მოწოდებები, ცილისწამება. ჩვენ კარგად გვახსოვს, უახლოეს წარსულში, 90-იან წლებში რა როლი შეასრულა ტელევიზიამ, რომ ახალგაზრდობა წასულიყო კრიმინალისკენ და ძალადობისკენ. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაემიჯნონ ძალადობას. არავინ უნდა ცდილობდეს, რომ თავი ძალიან თავისუფლად იგრძნოს ღვთის წინაშე, ითავხედონ და ხალხი წარმოაჩინონ რაღაც უგუნურ მასად, რომელსაც გამოიყენებენ თავიანთი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებისთვის, ხოლო შემდეგ მიაგდებენ. უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ჩადგეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი და განძი – სიტყვის თავისუფლება, ჭეშმარიტების სამსახურში. არ გვინდა, სიტყვის თავისუფლებას რამე დაემუქროს, მაგრამ არც ის გვინდა, რომ უკეთური ადამიანები ბოროტად იყენებდნენ ყველაფერ ამას“, – განაცხადა მამა გიორგიმ.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და მირიან წიკლაური ესწრებოდნენ.
გენადი მარგველაშვილის თქმით, გამოსავალი განათლების სფეროს რეფორმაა.
„პრობლემა კომპლექსურია. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის ამოხსნა განათლებაშია. ადამიანს თუ შესაბამისი განათლება არა აქვს, ადვილად შეიძლება გადმოიყვანო შენს აზრზე ტელევიზიის მეშვეობით. საჭიროა განათლების რეფორმა, რომელიც უკვე მესამედი საუკუნეა გვესმის, ახლა კი ბოლო ცვლილებებით დაიწყება ეს პროცესი, იცით რომ იზრდება განათლების სფეროს ბიუჯეტი. ადამიანს სრულყოფილად უნდა მივაწოდოთ მორალური და ზნეობრივი ვექტორები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.