რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, წ. სამხრეთ ოსეთში, კერძოდ ცხინვალში, ერთ-ერთმა მოკრივემ, რიჩარდ ბიტიევმა თავის თანაქალაქელს და მეტოქეს ტაირ კელესხაევს შეჯიბრის დაწყებამდე პისტოლეტიდან სავარაუდოდ, ორჯერ ესროლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
წყაროს ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სპორტსმენები შეჯიბრის დაწყების წინ, ასაწონად, სპეციალურ ოთახში იყვნენ შესულები. ორჯერ გასროლის შემდეგ კელესხაევი ფეხში დაიჭრა. როგორც ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი ე.წ. მილიცია ამ ეტაპზე არკვევს თუ რა გახდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირების მიზეზი. აღსანიშნავია, რომ ბიტიევი გაქცეულია და მისი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.