ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. თბილისის მერი კახა კალაძე დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა, ახალმოსახლეობა მიულოცა და საცხოვრებელი ბინების გასაღები გადასცა.

დედაქალაქის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 57 ოჯახისთვის ფართების გადაცემასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იყო.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. როდესაც საქმეს აკეთებ, შედეგს იღებ და ამ შედეგით უამრავ ოჯახს აბედნიერებ, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ამაზე დიდი სიხარული არაფერია. აქ არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს 20-30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. წინასაარჩევნოდ უამრავ თვალცრემლიან ადამიანს ვხვდებოდი. მათ პირობა მივეცი, რომ ჩვენ ვიქნებოდით ის მთავრობა, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა. პროცესი უკვე დაწყებულია, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. ყველა ოჯახი, რომელიც დაზარალებულია, ბინებით აუცილებლად დაკმაყოფილდება და ისეთივე გახარებული იქნება, როგორც ეს 57 ოჯახი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, გამარჯვებული კომპანიები უკვე გამოვლინდნენ, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს ხუთ მისამართზე ააშენებენ და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ბინებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემენ. ჯამში, გათვალისწინებულია 22 000 კვადრატული მეტრის ფართი, რომლითაც დამატებით, 300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „აპექს დეველოპმენტმა“ გაიმარჯვა; დიდ დიღომში, IV მიკრორაიონში, N12 კორპუსის მიმდებარედ 2 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „არქიმედ ჰაუსმა“ გაიმარჯვა, ხოლო იქვე მდებარე 11 774 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამარჯვებული „ბი დეველოპმენტია“; დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „ფ.ს.გ.“-მ, ხოლო დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩის შესახვევის N13-ის მიმდებარედ არსებულ 16 885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „ენსი გრუპმა“ გაიმარჯვა.

ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე: ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის მიმდებარედ, 89 219 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და დიდი დიღმის დასახლებაში, III მიკრორაიონის N29 კორპუსის მიმდებარედ, 8 692 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა გამოცხადებული.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ასევე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....