მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირჩის რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
ანდრიაძემ განაცხადა, რომ ბიბლიური თავისუფლება უკანონოდ შეიქმნა, რადგან არის გამოგონილი და შარლატანური. მისივე თქმით, გამოგონილი რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაცია არ შეიძლება.
რაც შეეხება მის მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციას, ის ამბობს, რომ ის ისტორიულად არსებობდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს.
“როდესაც გირჩის რელიგიური ორგანიზაცია გაუქმდება, ჩვენც შევწყვეტთ ჯარში გაწვევის თავის ასარიდებლად რეგისტრაციას. კატაკომბური ორგანიზაცია იარსებებს და მას სხვა მიზნებიც აქვს”, — თქვა ანდრიაძემ.
შეგახსენებთ, პირველ აპრილს გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, რომ გირჩის ალტერნატივად მართლმადიდებლური ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია თურქეთში არსებულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც თავისი მრწამსით მართლმადიდებლური ორგანიზაციაა.