კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს წერილს უგზავნის, რომელიც ზოგადი განათლების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება.
“გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ინიციატივას ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების ნაწილში „ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების“ ნაცვლად მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დატოვებასა და სიტყვის „ლიბერალური“ ამოღებას.
პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ რომ ლიბერალური დემოკრატია არის სახელმწიფოს მართვის მოდელი, რომელიც მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობებში აღიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უპირობო პრიორიტეტულობას. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა ხელი შეუწყვეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი განმანათლებელი წინაპრების ძირითადი ორიენტირებიდან გადახვევას და ევროპული ოჯახიდან ჩვენს ჩამოშორებას.
საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში, ზემოაღნიშნულის საჭიროება დასაბუთებულია გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან შესაბამისობის აუცილებლობით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის ყველა კონვენცია და დეკლარაცია ეყრდნობა, სწორედაც, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს და წარმოადგენს მმართველობის ამ ფორმის მონაპოვარს.
ზოგადად, ამ საკითხზე მსჯელობისას, საყურადღებოა ორი გარემობა:
პირველი, განათლების სფეროში არსებული გამოწვევებისა და, თავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე, კომიტეტის განხილვის საგანი ხდება კანონის ის პუნქტები, რომლებიც სრულად არის ჰარმონიზებული საერთაშორისო დოკუმენტებთან და განმსჭვალულია თავისუფლების სულისკვეთებით.
მეორე, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მცირე ჯგუფის მიერ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობის გარეშე.
ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ განათლების პოლიტიკის ფორმირებისა და ცვლილებების განხორციელებისას პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც დაინტერესებული მხარეების, ასევე, ფართო საზოგადოების ჩართულობა.
გვინდა მოვუწოდოთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს, რომ შეწყვიტონ აღნიშნული ინიციატივის განხილვა და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკანონმდებლო ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას!
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
- ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება
- PH International საქართველო
- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა)
- მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია
- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
- საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE)
- უნი.ჯი (Erasmus + ეროვნული ოფისი)
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
- განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM)
- ლაიონს ქუესტ საქართველო – განათლების ლაბორატორია (LQG)
- ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (იმსა)”
შეგახსენებთ, პარლამენტი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების ნაწილში „ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების“ ნაცვლად მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დატოვებასა და სიტყვის „ლიბერალური“ ამოღების ინიციატივით გამოვიდა.