საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება.
მისი თქმით, წერილში ზუსტი აქცენტები არის გაკეთებული 9 აპრილზე, 9 აპრილის მნიშვნელობაზე.
„სწორედ იმაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ აუცილებელია ერთიანობა, კონსოლიდაცია. აუცილებელია იმ პოზიტიური, დადებითი მუხტით რაციონალურად მიმართვა, რომელიც იყო 9 აპრილს. სწორედ მაშინ შევძელით ჩვენ ეს, როდესაც ეს მუხტი მივმართეთ სწორი გზით, რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა. ამიტომ ახლაც, როდესაც ამ გამოწვევების წინაშე არის ქვეყანა, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება.
მხოლოდ ერთიანობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფრის გვერდზე გადადება მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც საქართველოს ევროკავშირში და ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.