საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44 პროცენტის აზრით, რუსეთი საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს. გამოკითხულთა 46 პროცენტი კი ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი.
რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთთან:
ამავე კვლევაში გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (41%) ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან და ევროპასთან ერთნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მოსახლეობის 27 პროცენტის აზრით, კი ხელისუფლება პროდასავლურია.
კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა, რომლის ცდომილების ზღვარი +- 2,3% პუნქტის ფარგლებშია.