“30 წელი გადის 9 აპრილიდან; ბრძოლის, ტკივილების, სიხარულის და გამარჯვების 30 წელი; ჩვენი უძვირფასესი ხალხის თავდადების და შეუდრეკლობის ისტორიული ხანა. იმ დღეს სალდათებით, ნიჩბებით და შხამიანი გაზებით სცადეს ბრძოლის შეჩერება და ვერ შეგვაჩერეს. ამიტომ არის 9 აპრილი დიდი გამარჯვების დღე და ამიტომაც 9 აპრილს გამოვაცხადეთ საქართველოს დამოუკიდებლობა.
დღეს 9 აპრილის იდეალებზე საუბრობს კაცი, რომელიც როდიონოვის და ლებედის – 9 აპრილის სისხლიანი ჯალათების – პარტნიორია.
9 აპრილის იდეალების მცველად წარმოგვიდგება კაცი, რომელიც თვით საქართველოს პატარა და უმნიშვნელო სოფლის პერსექტივას უმზადებს.
მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობას იჩემებს კაცი, რომელიც ზვიადის მკვლელების სისხლიანი ფულით არის აღზევებული.
”არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება – ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს.” – წერდა ზვიად გამსახურდია.
ივანიშვილმა მოატყუა ქართველი ხალხი, ეს არის მისი მწარე ხვედრი და შემზარავი დანაშაული. ის ვერ იქნება 9 აპრილის იდეალების მეურვე, რადგან მკვლელების მოძმე ვერასოდეს გახდება დაცემულთა ჭირისუფალი”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.