ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, დადასტურდა, რომ იანვარში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს შედეგია.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გუშინ, დიღმის მასივსა და დიდ დიღომში (იანვარში) მომხდარი აფეთქების შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან პირველ შემთხვევაში ეს კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულება იყო, მეორე შემთხვევაში კი გამოძახება იყო არადროული.
“პირველი გამოძახების დროს ერთი წუთის განმავლობაში იყვნენ ობიექტზე და იქ საფრთხის წყარო ვერ შეამჩნიეს, ხოლო მეორე გამოძახების შემთხვევაში მხოლოდ 49 წამი დაჰყვეს, რაც სრულად გამორიცხავს იქ რამე ტიპის მოკვლევის, შემოწმების ან გაჟონვის წყაროს გამოვლენის შესაძლებლობას.
ის, რაც მოხდა გუშინ, დიღმის მასივში, ჩემი კვლევის საგანი იქნება პირველ რიგში. დროულად მოახდინა თუ არა კომპანიამ რეაგირება, ჩაატარეს თუ არა იქ მისულმა თანამშრომლებმა ყველა საჭირო სამუშაოები? მე მათთან ზეპირი კომუნიკაცია პირველივე წუთებიდან მქონდა. 15 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდათ “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს ადგილზე მისასვლელად, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამოძახება იყო არადროული. ეს არის პირველადი მოცემულობა დიღმის მასივის შემთხვევაში. ამ ორ კორპუსს შორის არის კიდევ განსხვავება ის, რომ დიდი დიღმის კორპუსი იყო ახალი აშენებული და ახალი გაზიფიცირებული, შესაბამისად იქ პრობლემებს ყველაზე ნაკლებად მოველოდით. აბსოლუტურად განსხვავებულია ძველ კორპუსებში არსებული მდგომარეობა. გაზის სახით, ფაქტობრივად, ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ ვაჩერებთ. ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული, როგორც დანადგარების მონტაჟის დროს, ასევე ქსელის მოწყობის, სამშენებლო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.