ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს” – ქართველი სპორტსმენის ინტერვიუ აშშ-ის ციხიდან

მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით, – აშშ-ში დაკავებულმა ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ “კვირის პალიტრას” განუცხადა.

როგორც თავად ამტკიცებს, უდანაშაულოა და აგენტებმა მის წინააღმდეგ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს.

“დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით!
არასდროს ვყოფილვარ არც “ძველი” და არც “ქუჩის” ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული”, – განაცხადა ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის ივლისში,15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს. ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძე კი ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: “ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული ჰქონდა მოჭმული” – როგორ დაარბია “ჩაქუჩამ” კოლუმბიელთა ბანდა (ექსკლუზივი)

იტვირთბა....