გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში საკრებულოს სხდომას დაესწრო.
როგორც რულოვსმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სხდომაზე უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ის საკრებულოში ზედმეტია.
“ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მათ სურდათ ჩემთვის ეჩვენებინათ, რომ ზუგდიდში არის ყველაფერი ძალიან კარგად, რომ არის კარგი წინასაარჩევნო რეგულაცია, საკრებულოს წევრების და მერიის კომუნიკაცია იდეალურია. უნდოდათ ეჩვენებინათ ჩემთვის, რომ მე აქ ვარ ზედმეტი. ვფიქრობ, მე აქ არ ვარ ზედმეტი. ახლა არის ის დრო, როცა აქ უნდა შეიცვალოს მერი და შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელობა. აქ უნდა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება და კორუფციული სქემების მოსპობა. თქვენ იცით, სადაც არის ის მერი, რომელიც აირჩიეს. ის არის ციხეში კორუფციული გარიგებების გამო. აქ არის კარგი ბიუჯეტი და არაფერი არ კეთდება, ან კეთდება და გვიან. აქ არის სხვა კორუფციული ინტერესები,” – განაცხადა რულოვსმა.