ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის, ელისო რუხაძის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უნდა დაებარებინათ.
მისივე თქმით, ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად, აქ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
“ისევე გავიგე მედიისგან ეს ინფორმაცია, როგორც საზოგადოების სხვა წევრებმა. ვფიქრობ, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში. მქონდა ეს მოლოდინი, როგორც სხვა საქმეებში ხდება ხოლმე და ვფიქრობთ, რომ დავით ბაგრატიონის მიმართ მოქმედებს სამართლის ნორმები ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეების მიმართ. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრივილეგიებით უნდა ისარგებლოს ან დავით ბაგრატიონმა ან ანა ბაგრატიონმა გამოძიების პროცესში. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად, აქ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მე ჯერ არ გამირკვევია, რის გამო დატოვა მან ქვეყანა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ანა ბაგრატიონის გამოკითხვა დასრულდებოდა, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში”, – განაცხადა ადვოკატმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვის შემდეგ.