ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ნაცვლიშვილი: სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ უნდა იმსჯელოს, სამუშაო ადგილზე მშრომელთა გარდაცვალების ფაქტებზე

იურისტ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სამუშაო ადგილზე მშრომელთა გარდაცვალების და დაშავების საკითხი იმდენად მწვავედ დგას, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის, როგორც უკვე მომხდარ ფაქტებს, ისე ამ ფაქტებზე დამდგარ სამართლებრივ რეაგირებებს.

როგორც მან „მეტრონომთან“ საუბრისას განმარტა, კომისიამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს საკანონმდებლო ჩარჩო, მოისმინოს ყველა მხარის პოზიცია და მოგვცეს სრულყოფილი დასკვნა, იმის თაობაზე, თუ რატომ ხდება ეს უბედური შემთხვევები.

„სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს, არის ეს არასათანადო კანონის ბრალი, არის ეს აღსრულებაში არსებული პრობლემის ბრალი თუ რაშია საქმე. ამას სჭირდება კვლევა, შესწავლა, ზედაპირული პასუხები საქმეს არ შველის. დღეს ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი სურათი. ყველამ ვიცით, რომ ის რაც ხდება, არ უნდა ხდებოდეს და არის მიუღებელი. შეიძლება, ეჭვი გამოვთქვათ, რომ აღსრულების ნაწილში გვაქვს სისუსტე, კონკრეტული ნორმა არ მოგვწონდეს, მაგრამ გვჭირდება სრული სურათი. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, ბოლოს მომხდარი 100 შემთხვევიდან, მხოლოდ 2 თუ 3 საქმე მივიდა სასამართლომდე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა და ბევრს გვეუბნება იმაზე, სად არ მუშაობს სისტემა, მაგრამ კიდევ ერთხელ სრულყოფილი და მიუკერძოებელი შეფასებაა საჭირო, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....