„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან კატეგორიულად მოითხოვდა, მაშინდელი შს მინისტრი, ივანე მერაბიშვილი თანამდებობიდან გადაეყენებინა.
როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე ყოყმანობდა.
„შეგიძლიათ სააკაშვილს ჰკითხოთ – რომ ნანობს მერაბიშვილი უნდა გადამეყენებინა გირგვლიანის საქმის შემდეგო – ვინ ურჩევდა ვანო მერაბიშვილის გადაყენებას. კი არ ვურჩევდი, კატეგორიულად მოვითხოვდი მის გადაყენებას და სააკაშვილი მართლა ყოყმანობდა, სხვათა შორის, მართლა ყოყმანობდა“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, თანამდებობის დატოვება ურჩია თავად ვანო მერაბიშვილსაც.
„მაშინ, როცა ვანო მერაბიშივლი მოვიდა პარლამენტში და ჩემთან მოვიდა კაბინეტში მისი ცნობილი გამოსვლის წინ, მე მას ვუთხარი პოლიტიკურად, კატეგორიულად, ადამიანურადაც- ადამიანურად გირჩევ, შენ აუცილებლად უნდა გადადგე, თუ გინდა ,რომ შენი თავიც გადაირჩინო და გუნდიც გადაარჩინო და მართლა სამართლიანობამ იზეიმოს. ვანო დაფიქრდა და მითხრა, რომ ალბათ თქვენი წინადადება გასათვალისწინებელი და სწორიაო. ოღონდ ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი გავიდა ჩემი კაბინეტის ცენტრალური კარიდან, საიდანაც უნდა ასულიყო დარბაზში და მე გავედი სამუშაო კარიდან, , საიდანაც ავდიოდი ხოლმე დარბაზში, სადაც მე ვიჯექი და ამ პერიოდის განმავლობაში, სადღაც 10 წუთში, ვანო მერაბიშვილმა გადადგომა გადაიფიქრა.
არ ვიცი, რა მოხდა, ვინ ურჩევდა სააკაშვილს რომ არც მერაბიშვილი, არც ახალაიები არ გადაეყენებინა. ჰკითხეთ მის მაშინდელ უახლოეს გარემოცვას, რომლებიც ახლა ქოქოლას აყრიან სააკაშვილს“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.