ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აკადემიურ გარემოში პირველად მოხდა იმ საკითხების გარჩევა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს – კორნელი კაკაჩია GEODEM2019-ზე

3 აპრილს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ყოველწლიური კონფერენცია -“პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე” #GEODEM2019 გამართა.

კონფერენცია ევროკავშირის ელჩთან საქართველოში – კარლ ჰარცელთან – დიალოგის რეჟიმში
გაიხსნა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – დავით აფრასიძე გაუძღვა.

კარლ ჰარცელის შეფასებით, დემოკრატია მხოლოდ არჩევნები არ არის, მაგრამ არჩევნები არის საჩვენებელი პერიოდი, როდესაც მსოფლიოს მზერა მიმართულია კონკრეტული ქვეყნისკენ, რათა განსაჯოს დემოკრატიის ხარისხი და ტრაექტორია.

აღსანიშნავია, რომ ჰარცელი ტრაექტორიას, რომლითაც მიდის საქართველოს დემოკრატია, პოზიტიურ დინამიკად აფასებს.

„ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. მნიშვნელოვანია განხილვები, რომლებიც შეეხება ქვეყნის დემოკრატიის სტატუსს, დემოკრატიის არსებულ მდგომარეობას საქართველოში, ასევე დისკუსიები პოლიტიკურ გარემოზე და ამ გარემოში ყველა მოთამაშის როლზე. მნიშვნელოვანია იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც აღნიშნული იყო წინა არჩევნების შესახებ ანგარიშებში.

საქართველოს ტრაექტორია, რომლითაც მიდის საქართველოს დემოკრატია, შევაფასებ პოზიტიურ დინამიკად. რასაკვირველია, ხაზი მინდა გავუსვა ხარვეზების აღმოფხვრის მნიშვნელობასაც“, – განაცხადა ევრომავშირის ელჩმა.

#GEODEM2019-ზე შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, საჯარო მოხელეებმა, ჟურნალისტებმა, აკადემიკოსებმა და ექსპერტთა საზოგადოების წევრებმა პოპულიზმისა და პოლარიზაციის მიერ წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე, საქართველოში არსებული დემოკრატიული მდგომარეობასა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესაძლო
მიმართულებებზე იმსჯელეს.

კონფერენცია 3 სესიისაგან შედგებოდა, შემდეგი თემებით: ნდობის საკითხი პოლიტიკურ პარტიებში;
პოლარიზაცია პლურალიზმის წინააღმდეგ და “პოპულიზმი ქართულ ფერებში“.

როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, თსუ-ის პროფერსორმა, კორნელი კაკაჩიამ კონფერენციის დასრულების შემდეგ “მეტრონომს” განუცხადა, ნახევრად აკადემიურ გარემოში, იმ საკითხების გარჩევა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, პირველად მოხდა.
“რეალურად, პირველად მოხდა, ნახევრად აკადემიურ გარემოში, იმ საკითხების გარჩევა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ეს არის, პირველ რიგში პოლარიზაცია, პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში, პოლარიზაცია მედიაში, რომელიც დიდ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ამომრჩევლების უნდობლობა, პოლიტიკური პარტიების მიმართ და კიდევ სხვა საკითხები და რაც მთავარია, მესამე საკითხი იყო პოპულიზმის, განსაკუთრებით რადიკალური პოპულიზმის აღმავლობა თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ამას საქართველო”, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ და დასძინა, რომ კონფერენციაზე ყველა მიმართულების, იდეოლოგიისა თუ პარტიის წარმომადგენელი იყო შეკრებილი, რამაც უფრო საინტერესო გახადა მსჯელობა.

“მსჯელობა არ იყო ცალმხრივი და ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ან ერთი იდეოლოგიური პრიზმიდან დანახული, რამაც საშუალება მოგვცა, მთლიანად დაგვენახა ამ თემებთან დაკავშირებით არსებული სურათი”, – განმარტა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა.

გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა წარმოადგინა ახალი პუბლიკაცია – პოლიტიკის
დოკუმენტების კრებული – რომელიც აერთიანებს ქართველი ანალიტიკოსების მიერ ჩატარებულ
კვლევებს ზემოთ აღნიშნულ თემებზე. პუბლიკაცია ასევე მოიცავს კვლევის ძირითად მიგნებებსა და
რეკომენდაციებს.

იტვირთბა....