ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი არხი – კვლევის პირველივე გვერდებზე ტექნოლოგიური მანიპულაციით ხდება საზმაუს დაკავშირება რუსულ ტელეარხებთან

საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილს აქვეყნებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, რამაც ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცრუ ცნობები მოხვდა რესპექტაბელური ორგანიზაციების ანგარიშებში.

ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ამ ორგანიზაციების პოზიციას ან მათ მიერ რეალობის ობიექტური შეფასების შესაძლებლობის ნაკლებობას, არამედ ადგილი აქვს ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გადაუმოწმებლად მიღებას და გავრცელებას, ვინაიდან ზედაპირული გადამოწმებითაც თვალსაჩინოა გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი უზუსტობები.

ბოლო მაგალითს წარმოადგენს www.mediachecker.ge-ის მიერ განთავსებული მცდარი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ISFED-ის ანგარიში ია კერზაიას საქმეზე პირველი არხის მთავარ გამოშვებებში არ მოხვდა, მას შემდეგ, რაც პირველი არხის ჟურნალისტებმა გამოთქვეს პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით, www.mediachecker.ge-მა აღიარა დაშვებული შეცდომა და ვებგვერდზე განათავსა შესწორებული მასალა.

ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ის აქტივობები, რასაც „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, მისი ერთ-ერთი ბენეფიციარი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ახორციელებს.

„ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით, ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა“ (Media Development Foundation) გამოაქვეყნა კვლევა „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. მიუხედავად კვლევის ავტორთა მცდელობისა, სხვაგვარად წარმოედგინათ კვლევის ინტერესი, პირველივე გვერდებზე ტექნოლოგიური მანიპულაციით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკავშირება რუსულ ტელეარხებთან და მათ რიტორიკასთან. შემდეგ უკვე მთელი კვლევის ტექსტში მუდმივად არის მითითება არაკომპეტენტური ფორმით, კონტექსტიდან ამოღებული ციტატების საშუალებით, გარკვეული გადაცემებისა და ჟურნალისტების ანტიდასავლურ და რაც მთავარია, პრორუსული ნარატივის პროპაგანდაში დადანაშაულება. ერთ-ერთ გამოკვეთილ მაგალითს წარმოადგენს წინასაარჩევნო დებატების ნაწილში ორი ათეული კანდიდატიდან, სამი კანდიდატის მიერ გამოთქმული მოსაზრებების საზოგადოებრივი მაუწყებლის დასავლეთის მიმართ ირიბ, ნეგატიურ ტონად მოხსენიება.

კვლევა ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „42-ე პარალელის“ სიუჟეტების არათუ განსხვავებულ ინტერპრეტაციას, არამედ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ცდილობს ცილისწამებას და ავრცელებს დეზინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ გადაცემა ერთ წელზე მეტია, ეთერშია და მის ფარგლებში მომზადდა 100-ზე მეტი სიუჟეტი. კვლევის ავტორებმა აიღეს 7 სიუჟეტი, ამოგლიჯეს სიუჟეტებიდან ფრაზები ან სრულიად არასწორად მოახდინეს მათი ინტერპრეტირება და ამის საფუძველზე გადაცემის ავტორებს ბრალი დასდეს ანტიდასავლურ და კრემლისტურ განწყობებში.

„ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული ამ კონკრეტული კვლევის ავტორები იმდენად შორს წავიდნენ, რომ ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელიც ჯორჯ სოროსის წიგნებსა და სტატიებზე დაყრდნობით მომზადდა, გამოაცხადეს ანტიევროპული პროპაგანდის ნაწილად, რაც, თავის მხრივ, ასოციაციურად, ქართულ კონტექსტში, პრორუსულ განწყობას გულისხმობს. სიუჟეტი ეხებოდა ევროკავშირის ინტეგრაციის ისტორიას და აქცენტი გაკეთდა ევროზონის კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მეტ ინტეგრაციაზე. ცხადია, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ და რა მიზეზით შეიძლება დაუკავშირდეს ბატონი ჯორჯ სოროსის იდეები ანტიევროპულ და პრორუსულ პროპაგანდას.

არაკომპეტენტურობის მაგალითად უნდა მივიჩნიოთ, რომ უშუალოდ კვლევის პროცესში, კვლევის ავტორებს არც ერთხელ არ უცდიათ კვლევის ობიექტთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირება, ინფორმაციის გადამოწმება და კონკრეტული ჟურნალისტების პოზიციების გარკვევა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კვლევის ავტორებს მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარების კუთხით, არ გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური გამოცდილება, რაც სავარაუდოდ იწვევს იმას, რომ კვლევა მეთოდოლოგიურად მეტისმეტად გაუმართავია და სუბიექტური მოსაზრებების ნაკრებს წარმოადგენს.

გარდა მეთოდოლოგიური ხარვეზებისა, არსებობს ინტერესთა კონფლიქტის პრობლემაც. კერძოდ, კვლევის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ კინწურაშვილი 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაკავშირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან. მისი მმართველობის პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების მიხედვით, ატარებდა მკვეთრად გამოკვეთილ პროსახელისუფლებო პოლიტიკას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს, ქალბატონ ქეთი ხუციშვილს საშუალება მისცა, ამ კვლევასთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში გაეკეთებინა განმარტებები. ქალბატონმა ქეთიმ კვლევაში დაშვებული ხარვეზები აღიარა, თუმცა ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე არ გაემიჯნა კვლევის ავტორების მოსაზრებებს, რიგ შემთხვევაში, სცადა ბენეფიციარის დაცვა და ეჭვქვეშ არ დააყენა ამ კვლევის ლეგიტიმაცია.

ამ დეზინფორმაციულმა და არაპროფესიონალურმა კვლევამ დააზიანა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იქ მომუშავე ჟურნალისტთა კორპუსის რეპუტაცია. ჩვენ ამ ფაქტს აღვიქვამთ, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, „ღია საზოგადოების ფონდის“ ცენტრალური ოფისი მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში იმ იდეების დაცვას, როგორიცაა – პლურალიზმი, ღია საზოგადოება და დემოკრატია, რაზეც, თავის მხრივ, დაფუძნებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ საქმიანობა. აქვე დავძენთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ითანამშრომლოს „ღია საზოგადოების ფონდთან“ ამ საკითხის დარეგულირებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია 2018 წლის პირველ კვარტალში მაუწყებლის გაზრდილ სარეკლამო შემოსავალზე. წყაროდ მოყვანილია საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მაუწყებლის ფინანსური ანგარიში, რაც წარმოადგენს საკასო შემოსავალს, რომელსაც ხშირად იშველიებენ სარეკლამო ბაზრის ანალიზისთვის, წლის ჭრილში. ხშირად ეს მონაცემი მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე წინა პერიოდის ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას. მაგალითისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის პირველ კვარტალში სარეკლამო შემოსავლის ნახევარზე მეტი წარმოადგენს წინა წლის დავალიანების დაფარვას, ხოლო მეორე ნახევარი შეადგენს კანონმდებლობის ძველი ვერსიით მიღებულ შემოსავალს სპორტული ტრანსლაციებიდან.

ამასთანავე, 2018 წლის პირველი კვარტლის გაზრდილ შემოსავალს ვერ დავაკავშირებთ 2018 წლის 5 მარტს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებასთან.  კანონის ახალი რედაქციის საფუძველზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სარეკლამო გაყიდვები დაიწყო 2018 წლის დეკემბრიდან, შესაბამისად, ის გავლენას ვერ იქონიებდა პირველი კვარტლის შემოსავალზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 5 მარტს მაუწყებლობის შესახებ  კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს პირველმა არხმა არსებობის ისტორიაში პირველად (საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფუძნდა 2005 წელს) დაიწყო იმავე კანონით გათვალისწინებული  ვალდებულების შესრულება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა უნდა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს. აღნიშნული ვალდებულების შესრულება წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რადგან ინტელექტუალური პროდუქციის შეძენა ტენდერის მეშვეობით არარელევანტურია და ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. მაუწყებლობის შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) კომენტარებში აღნიშნულია: „As already mentioned above, the exemption of programme- and content-related contracts from the general public procurement rules is important and in line with European standards“. /„როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გადაცემების და კონტენტთან დაკავშირებული კონტრაქტების განთავისუფლება სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კანონისგან არის მნიშვნელოვანი და ევროპული სტანდარტის შესაბამისი“/.

გარდა ამისა, ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ნორმატიული აქტების ევროპულ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.

დამატებით გაცნობებთ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილების შემდეგ განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მაუწყებლის საეთერო რეიტინგი 2019 წლის თებერვლის თვეში (წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით) 80%-ით არის გაზრდილი. ადგილობრივი პროდუქციის ტრანსლირების ხანგრძლივობა გაორმაგდა და დღეში შეადგენს 12 საათს, მაშინ როდესაც 2017 წელს 6.5 საათს შეადგენდა. ასევე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, მაუწყებლის მიმართ ნდობა 4%-დან (2018 წლის მარტის მონაცემები) 12%-მდე, ანუ 3-ჯერ გაიზარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა, თითქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მეტი დრო დაუთმო იმ პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებით სარგებლობდნენ, ვიდრე დამოუკიდებელ ან სხვა პარტიების კანდიდატებს, მაუწყებლის წერილობითი მიმართვის შემდგომ, ნაწილობრივ ჩასწორდა საბოლოო ანგარიშში და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „არაკვალიფიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს დაუზუსტებელი ოდენობის უფასო საეთერო დრო მხოლოდ საზოგადოებრივ მედიაში გამოეყოთ“, თუმცა კვლავ რჩება ფაქტობრივი უზუსტობა, რომ მაუწყებელმა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაუზუსტებელი დრო დაუთმო. სინამდვილეში, პირველმა არხმა ყველა (კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ) კანდიდატს დაუთმო თანაბარი დრო. რაც იყო საჯარო, ხელმისაწვდომი ინფორმაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცემული ბრძანების (2017 წლის 7 სექტემბერი) სახით, განთავსებული პირველი არხის ვებ გვერდზე, სადაც ნათლად არის ჩამოყალიბებული, რომ: „არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოეყოთ იგივე მოცულობის უფასო სარეკლამო დრო, რაც მოქმედი კანონმდებლობით განისაზღვრება კვალიფიციური სუბიექტებისთვის.“

ასევე შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 წლის ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა და ჩაასწორა.

ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ დაიხურა მეორე არხი, რომელიც პარლამენტის სხდომებს გადასცემდა. გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე მაუწყებლის მხრიდან მწვავე რეაგირების შემდეგ ანგარიშში შესწორება შევიდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ბოლო დროს მაუწყებლის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ზრდით და აშკარად გაუმჯობესებული სარეიტინგო (როგორც სატელევიზიო, ასევე ონლაინ) მონაცემებით. რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ზემოთ მოყვანილ მცდარ ფაქტებს, თხოვნით მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ადგილობრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობის მიუხედავად, გადაამოწმონ ყველა სახის მონიტორინგსა და ანგარიშში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ინფორმაცია, რადგან არსებული ვითარება ფუნდამენტურ ზიანს აყენებს საქართველოში არსებულ ისეთ ინსტიტუციას, რომელსაც ძალუძს პოლარიზებული მედიაგარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის სანდო, დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება, ასევე საერთაშორისო მედიასტანდარტების დანერგვა და დაცვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....