ერთ-ერთმა პატიმარმა მავთული ყელშიც გაიყარა… ლეიბი იატაკზე აქვთ დაგებული და ისე იძინებენ. ეს ის პატიმრები არიან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ციხეში სასმელი წყლის პრობლემაზე ჰქონდათ პრეტენზია, – ამბობს ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი. მისი აღწერით, ბათუმის ციხის ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი ერთმანეთს მავთულით 30 მარტს გადაება. მავთული პატიმრებმა ხელებში გაიყარეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
“ისინი ითხოვენ წყალს, ვენტილაციას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, წამლებს… ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი და შემდეგ პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში განმარტოებით გადაჰყავთ”, – აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატ თეონა ნიკოლაიშვილის შეფასებით, პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში გადაჰყავთ არა მხოლოდ მაშინ, როცა უსაფრთხოების კუთხით პრობლემა არსებობს, არამედ დასჯის მიზნითაც, რაც კანონით დაუშვებელია. მისივე თქმით, პატიმრებმა საერთო საჩივრითაც მიმართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
როგორც “მეტრონომს” პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, ამ თემაზე უწყებაში მალე გაავრცელებენ განცხადებას.