შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
“აბიტურიენტი დარეგისტრირებულად ითვლება, თუ მან ან ელექტრონულ ფოსტაზე დასტური მიიღო, ან შეტყობინება, რომელიც მას სარეგისტრაციო გვერდზე გამოუჩნდება.
იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრაციის გავლის მსურველთა რაოდენობა, აბიტურიენტთა ნაწილი ელექტრონულ მისამართზე დასტურს დაგვიანებით იღებს. ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის ინფორმაცია (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ქალაქი და არჩეული პროგრამები) სარეგისტაციო გვერდზეც გამოჩნდება, რომლის ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელია”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებისთვის, მაგისტრობის კანდიდატებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე სრულდება.