ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ აქვეყნებს წერილს, რომელიც 2019 წლის 2 აპრილს, ევროპარლამენტის ექვსი პარტიის თერთმეტი დეპუტატის ხელმოწერით გამოეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
“ვაქვეყნებ წერილს, რომელიც 2019 წლის 2 აპრილს, ევროპარლამენტის ექვსი პარტიის თერთმეტი დეპუტატის ხელმოწერით გამოეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
აღნიშნული წერილი ასევე გაეგზავნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის
ძვირფასო პრემიერ მინისტრო,
ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი ევროპარლამენტის წევრები, წინამდებარე წერილით გაცნობებთ, რომ ველით დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე, რომელიც ეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ ია კერზაიას, იმ მიზნით, რომ გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება 2018 წლის 9 დეკემბერს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, რომ სანამ ქალბატონ კერზაიას ინსულტი განუვითარდებოდა, რამაც მისი მოულოდნელი სიკვდილი გამოიწვია, მან საჯაროდ განაცხადა და ასევე საქართველოს სახალხო დამცველსაც აცნობა, რომ მასზე ხორციელდებოდა ინტენსიური ზეწოლა არჩევნების პროცესში ჩართვის მოთხოვნით, მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის და ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. სულ ახლახანს, ISFED-ს (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკარტისთვის), თბილისის არჩევნების დამკვირებელმა, აღნიშნა ის ფაქტი, რომ 2018 წლის ნოემბრის გარემოებების შესწავლისას, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებული გარემოებები ეჭვს იწვევს, რომ ინსპექტირების მექანიზმები საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოყენებული იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის, შეიცავდა დაშინებისა და შევიწროების ფაქტებს .
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წელს მოახდინა შვიდი სკოლის ინსპექტირება, აქედან ექვსი სკოლის შემოწმება განხორციელდა ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის. მათ შორის იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა. უფრო მეტიც, როგორც ქალბატონი კერზაიას ოჯახი აცხადებს, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორმა უარი განაცხადა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზუგდიდში ორი ინსპექტორი გაგზავნა აღნიშნულ სკოლაში. ინსპექტორებმა ორი კვირის შემდეგ გამოაქვეყნეს დასკვნა, სადაც ისინი რეკომენდაციით მიმართავდნენ სკოლის მმართველ საბჭოს ქ-ნი კერზაია გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.
როგორც იცით, ეუთო/ოდირის (OSCE/ODHIR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ “კამპანია ხისტი რიტორიკით იმართებოდა” და “ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდამ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი შეუმჩნეველი გახადა”. კიდევ ერთი რამ, რაც შეშფოთებას იწვევს, არის იმავე ანგარიშში ნახსენები ფაქტები, რომ “ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის არაერთი წევრი აცხადებდა, რომ მმართველი პარტია ამ მექანიზმს ზეწოლითა და დაშინებით იყენებდა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და სახელმწიფო დახმარებაზე მყოფი ჯგუფების მიმართ”
გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით მოეკიდება OSCE/ODHIR-ის საბოლოო ანგარიშში მითითებულ ყველა გამოვლენილ ხარვეზს და ასევე გვჯერა, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისა და მისი დემოკრატიული მომავლისთვის ქ-ნი კერზაიას საქმე სრულად და დროულად იქნება გამოძიებული ქვეყნის პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების მიერ, და დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს სკოლების ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მექანიზმის გამოყენებისგან.
ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იმას, რომ არც ერთი საჯარო მოხელე აღარ გახდეს არანაირი ზეწოლის მსხვერპლი მომავალი საარჩევნო კამპანიისას და ჩვენ ვფიქრობთ ამ თვალსაზრისით ქ-ნ კერზაიას საქმესთან დაკავშირებული გარემოებებისთვის ნათელის მოფენა უაღრესად მნიშვნელოვანია.
პატივისცემით,
ანა გომესი (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP), ჟან ლამბერტი (Greens, EFA)”, – ნათქვამია შენგელიას მიერ გამოგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ია კერზაიას გარდაცვალებასთამ დაკავშირებით გამოზიება უკვე დაიწყო. ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.