სამშენებლო მასალებში, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათსა და სათამაშოებში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში, 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული ანალიძი.
„ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი.ასევე აღმოჩნდა, კორიანი, რომელიც არის ხელოვნური ქვა“, – განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა.
ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელის, გურანდა ავქოფაშვილის განცხადებით, სამშენებლო მასალების შემდეგ, მოდის სათამაშოები, რომლითაც ბავშვები საკმაოდ ხშირად თამაშობენ.
“შემდეგ მოდის საკანცელარიო ნივთები. ტყვია აღმოაჩნდა ისეთ სათამაშოებში, როგორიცაა კუბიკ-რუბიკი, მეტალის მანქანები, რომელიც მალაიზიაშია დამზადებული, პლასტმასის მანქანაშიც აღმოჩნდა და პაზლებში. გოგოს თოჯინებში არ აღმოჩენილა”, – განაცხადა გურანდა ავქოფაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყვიის შემცველობაზე Unicef-თან ერთად ერთობლივი კვლევა ახლახან დაასრულდა, რომლის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გაასაჯაროებენ.