ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე” – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ყოველწლიურ კონფერენციას მართავს

3 აპრილს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ყოველწლიურ კონფერენციას – “პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე” #GEODEM2019 მართავს.

კონფერენცია 10:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება.

კონფერენცია ევროკავშირის ელჩთან საქართველოში – კარლ ჰარცელთან – დიალოგის რეჟიმში გაიხსნება, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – დავით აფრასიძე, გაუძღვება.

კონფერენცია 3 სესიისაგან შედგება, შემდეგი თემებით:

ნდობის საკითხი პოლიტიკურ პარტიებში; პოლარიზაცია პლურალიზმის წინააღმდეგ და “პოპულიზმი ქართულ ფერებში“.

“პირველი სესია მიმოიხილავს, თუ რა გავლენას ახდენს ამომრჩეველზე პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაციისა და მარგინალიზაციის მცდელობები. ასევე, მომხსენებლები ისაუბრებენ [ტრადიციულ] პოლიტიკურ პარტიებში ნდობის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად არსებულ საუკეთესო პრაქტიკებზე.

მეორე სესიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, არსებულ პოლარიზაციაზე და სიტუაციის შესამსუბუქებელ გზებს განიხილავენ. აგრეთვე, სესიის მომხსენებლები შემოგვთავაზებენ თავიანთ ხედვებს, თუ როგორ უნდა გარდავქმნათ პოლარიზაცია პლურალიზმად.

დაბოლოს, მესამე სესია უკანასკნელ პერიოდში საქართველოში პოპულისტური ნაციონალიზმის ზრდის საკითხს განიხილავს. კერძოდ, თუ რას ნიშნავს პოპულიზმი საქართველოს კონტექსტში? როგორ განსხვავდება იგი პოპულიზმის 10 წლის წინანდელი ცნებისგან? და საქართველოში არსებული ტენდენციები რამდენად ჯდება საერთაშორისო კონტექსტში? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ასევე წარმოგიდგენთ ახალ პუბლიკაციას – პოლიტიკის დოკუმენტების კრებულს – რომელიც აერთიანებს ქართველი ანალიტიკოსების მიერ ჩატარებულ კვლევებს ზემოთ აღნიშნულ თემებზე. პუბლიკაცია ასევე მოიცავს კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს. კონფერენციის დეტალური პროგრამა პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ“, – ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ #GEODEM2019-ზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საჯარო
მოხელეები, ჟურნალისტები, აკადემიკოსები და ექსპერტთა საზოგადოების წევრები იკრიბებიან,
რათა პოპულიზმისა და პოლარიზაციის მიერ წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე, საქართველოში
არსებული დემოკრატიული მდგომარეობა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესაძლო
მიმართულებები განიხილონ.

იტვირთბა....