იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, კანონი ვერ იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში.
მისივე შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა
„ვფიქრობ, რომ არასწორი ინტერპრეტაციაა იმის, რაც ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით იყო გამოთქმული, მე პირადად, ასე გავიგე ეს, რომ თუ რეკომენდაციები ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შესაძლებელია ასეთი სახის რეკომენდაციები არ იყოს გათვალისწინებული. ეს ლოგიკური და ბუნებრივიც არის, რადგან კანონი ვერ იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ასეთი რაღაც შეუძლებელია. ვფიქრობ, აქ განსაკუთრებული არაფერი იყო ნათქვამი, უბრალოდ გამოითქვა პოზიცია.
ხვალ გვექნება შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ ამ კანონპროექტზე, რომელიც ერთი მოსმენით არის მიღებული და გადაეგზავნა ვენეციის კომისიას.ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა თითოეული რეკომენდაცია და თუ დააკვირდებით, სასამართლო რეფორმის ყველა ეტაპზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო გათვალისწინებული, ჰქონდა ყველაზე დიდი წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა სასამართლოს რეფორმის პროცესში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს“,- აღნიშნა მიქაუტაძემ.