ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ობიექტზე, სადაც გუშინ 2 მუშა მიწის ქვეშა მოჰყვა და გარდაიცვალა, პირველადი დათვალიერებით, ობიექტზე ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.
მისივე თქმით, შეისწავლიან დოკუმენტაციას, მათ შორის, ჰქონდა თუ არა დამსაქმებელ კომპანიას მუშებთან ხელშეკრულება გაფორმებული.
„პირველადი დათვალიერებით, სამშენებლო ობიექტზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება, ზოგადად, ობიექტზე ფიქსირდება გარკვეული ხარვეზები. კონკრეტულად, სრულფასოვნად უნდა ხდებოდეს საფრთხეების შეფასება და რისკის იდენტიფიცირება. ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ და ამის შემდგომ ვისაუბრებთ კონკრეტულად. აქ საუბარია პირველადი დათვალიერებით ზოგადად ობიექტზე. კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვახორციელებთ შრომის ინსპექციის მიმართულებით მოკვლევას. სისხლის სამართლის მიმართულებით არის საქმე აღძრული, როგორც იცით. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი დასკვნა იქნება ერთ-ერთი საფუძველი, რის მიხედვითაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე ობიექტზე მიწის მასა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა, შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა. მაშველებმა ერთი დაღუპულის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, მეორე მათგანის ცხედარი კი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად.