ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამაზ დოლაბერიძე: თითოეული მოქალაქის სიცოცხლე გაცილებით დიდი ფასეულობაა, ვიდრე რომელიმე ბიზნესი ან ეკონომიკა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (სპკგ) თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე სოციალურ ქსელში,
ჭავჭავაძის განზირზე 2 მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც დოლაბერიძე წერს, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე გაცილებით დიდი ფასეულობაა, ვიდრე რომელიმე ბიზნესი ან ეკონომიკა.

“ზუსტად 8 თვე გავიდა, რაც ტყიბულში მეშახტე არ გარდაცვლილა. დიახ… არ გარდაცვლილა და… ეს იმის ხარჯზე, რომ საქართველოს პროფკავშირების დიდი ძალისხმევით ქვანახშირის მოპოვება შეჩერებულია.

გასულ 8 თვეში საქართველოს ინდუსტრიამ დაახლოებით 160 ათასი ტონა ქვანახშირი, ოპერატორმა კომპანიამ რამდენიმე ათეული მილიონი, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტმა რამდენიმე ერთეული მილიონი ლარი დაკარგა, მაგრამ, სამაგიეროდ 5-6 მეშახტის სიცოცხლე იქნა შენარჩუნებული.

საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებული ტემპის შენარჩუნება ბევრად ეპოქალური მნიშვნელობის საკითხია, ვიდრე 5-6 მეშახტის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ საქართველოს პროფკავშირები და საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ შრომა მშვიდობიანი საზოგადოებრივი პროცესია და მას არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს.

არანაირი ბიზნესი, არანაირი საქმე, არანაირი პროექტი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი და ტყიბულის შახტები არ ამუშავდება მანამ, სანამ მოფიქრებული არ იქნება ინჟინრული გადაწყვეტა რისკებისა და საფრთხეების გასანეიტრალებლად…

ჩემი აზრით იგივე მიდგომაა საჭირო სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით:

– სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ყველანაირი მშენებლობის ნებართვის გაცემა,

– სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ყველა მშენებლობა, რომელზეც უკვე ნებართვებია გაცემული,

– ნებართვების გაცემა და სამშენებლო პროცესები არ უნდა განახლდეს მანამ, სანამ ზუსტად არ იქნება განსაზღვრული რისკების და საფრთხეების განეიტრალების სტრატეგია.

თითოეული მოქალაქის სიცოცხლე გაცილებით დიდი ფასეულობაა, ვიდრე რომელიმე ბიზნესი ან ეკონომიკა”. – წერს თამაზ დოლაბერიძე.

იტვირთბა....