რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა.
პირველი არხის ინფორმაციით, საუბარია, რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებზე. ამ დროისთვის, გაჩერებაზე ამ მიმართულებით მოძრავი არცერთი სამარშრუტო ტაქსი არ დგას.
როგორც სამარშრუტო ტაქსის მძღოლები აცხადებენ, კომპანია „ინტერტრანსმა” მათ ყოველდღიური შენატანი 10 ლარით გაუზარდა და 60-ის ნაცვლად 70 ლარის გადახდა მოუწევთ. გაფიცული მძღოლების თქმით, ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. მათივე ინფორმაციით, მძღოლებს, რომლებიც ყოველდღიური გადასახადის გადახდას ვერ მოახერხებენ, მიკროავტობუსებს ჩამოართმევენ.
კომპანია „ინტერტრანსში” აცხადებენ, რომ მძღოლებს ყოველდღიური გადასახადი არ გაზრდიათ. მათი განმარტებით, სეზონური გადასახადის გამო ზამთრის პერიოდში მძღოლებს გადასახადი 10 ლარით შეუმცირდათ, ხოლო გაზაფხულზე გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.
ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ მძღოლების მოთხოვნაა, ჯერ მგზავრობის ტარიფი გაიზარდოს და შემდეგ გადაიხდიან ყოველდღიურ გადასახადს. კომპანიაში დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.
წყარო: 1tv.ge