“პროდასავლური პოლიტიკა ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის ევროპული მისწრაფება კონსტიტუციაშიც აისახა, რითაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
„პროდასავლური პოლიტიკა ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას; დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანება საქართველოს ცივილიზაციური დანიშნულებაა, რაც ფესვებს ჩვენს ისტორიასა და კულტურაში იდგამს. დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს, შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზეა ფოკუსირებული და ქვეყანა სერბეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობას აფასებს.
„ჩვენი ძალისხმევა ფოკუსირებულია ახალი შესაძლებლობების გამოვლენის გზით, ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზე. ამ კუთხით, ვმუშაობთ ამბიციურ საგზაო რუკაზე ევროკავშირთან დასაახლოებლად. ასეთი მიდგომა და ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ საქართველო მზად იქნება, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება.
სერბეთის რესპუბლიკამ უდიდეს პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. საქართველო აფასებს სერბეთთან – ევროკავშირის ლიდერ კანდიდატ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ამ მიმართულებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.