პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, რა ულტიმატუმი წაუყენა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ხომ არ უკავშირდებოდა ის სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის კახა კახიშვილის კადრების გაშვებას უწყებიდან, განაცხადა რომ მართვის სტილი ისეთი არ არის, რომ ვინმემ ულტიმატუმები დააყენოს მინისტრთა კაბინეტში.
ბახტაძის თქმით, მთავრობა რეფორმებს ახორციელებს და ამ პროცესში ყველა საკითხი დეტალურად განიხილება. არის აზრთა სხვადასხვაობაც.
„ჩვენ შევედით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან კომპლექსურ რეფორმებს და ბუნებრივია, მსჯელობა საკითხების შესახებ, მათ შორის მსჯელობა ინტენსიური, რომელიც გულისხმობს აზრთა სხვადასხვაობას. ეს არის ყოველდღიური პროცესი. თუ არის ილუზია, რომ რომელიმე სამინისტრო რაღაც კანონპროექტს შეიმუშავებს და ის ავტომატურ რეჟიმში გამოდის მთავრობის სხდომაზე და განხილვები არ ხდება, ეს არის ილუზია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ნებისმიერი საკითხის დეტალური განხილვა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობებიც და ჩემი, როგორც პრემიერის მოვალეობაა, ყოველთვის მოხდეს შეჯერებულ და საუკეთესო ვარიანტზე შეჩერება. მე ამას ყოველთვის უზრუნველვყოფ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამომდინარე აქედან, დამატებით პოლიტიკური იმპულსის მიცემა ასეთ თემებზე არ შეესაბამება მთავრობის საქმიანობის შინაარსს.
„მომავალში კიდევ უფრო მეტი განხილვები მოგვიწევს, კიდევ უფრო შეიძლება, გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობები, რადგან რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, საჭიროებენ სერიოზულ განხილვას. ეს გულისხმობს, რომ შეიძლება, იყოს აზრთა სხვადასხვაობა და ეს არის ნორმალური, ჯანსაღი. ამით აპოკალიფსი არ ხდება. განხილვების გარეშე როგორ ხდებოდა კანონპროექტების ინიცირება კარგად გვახსოვს და რა ფასადაც დაუჯდა ეს ქვეყანას ესეც გვახსოვს. ამიტომ, განხილვაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს არის კარგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.