დედაქალაქის ახალ ზოოპარაკში კავკასიური ჯიხვების ვოლიერის კეთება დასრულდა და უკვე აღნიშნული ცხოველებიც ჩამოყვანილია. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასაცილოა, მაგრამ საქართველოსთვის საამაყო, ენდემური სახეობის ორი ინდივიდი საფრანგეთიდან და ორიც – ჩეხეთიდანაა ჩამოყვანილი. “ისტორიულად, კავკასიონზე გავრცელებული სახეობა, საქართველოში თითქმის აღარ დარჩა”, – წერს ადმინისტრაცია.
თბილისის ზოოპარკის განცხადებით, იწყება ჯიხვების კონსერვაციის პროექტი, რაც მათ გამრავლებას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს.
“თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების: კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან დაობლებული ბელებიც. ამ რთული და ძვირადღირებული პროექტების წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საზოგადოების მხარდაჭერასა და ფინანსურ თანამონაწილეობაზე”, – წერს თბილისის ზოოპარკი.