ახალი ამბები მთავარი სამართალი

მფრინავ ქალს, რომელმაც, დისკრიმინაციის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გაწყვიტა, უწყება უჩივის (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მფრინავი, ეკატერინე ქვლივიძე სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ქვლივიძემ სამინისტროსთან კონტრაქტი სწორედ ამ მიზეზით გაწყვიტა, რის გამოც მის წინააღდეგ საჩივარი შეიტანეს.
“იმისათვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მემსახურა და სამხედრო მფრინავი ვყოფილიყავი ძალიან ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, ბევრი ვიბრძოლე. ძალიან ბევრი სასწავლო კურსი გავიარე, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო. ყველა წარმატებით და არცერთი საყვედური არ მიმიღია. იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება”, — აცხადებს ქვლივიძე.

“იმისათვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მემსახურა და სამხედრო მფრინავი ვყოფილიყავი ძალიან ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, ბევრი ვიბრძოლე. ძალიან ბევრი სასწავლო კურსი გავიარე, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო. ყველა წარმატებით და არცერთი საყვედური არ მიმიღია. იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება”, — აცხადებს ქვლივიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით,  ეკატერინე ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წლის 30 მაისს დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ.

“2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 9 თებერვლამდე ეკატერინე ქვლივიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გადიოდა ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებს. საქართველოში დაბრუნებისას გაირკვა, რომ ეკატერინე ქვლივიძე გადაყვანილია წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე. ასევე, აღმოჩნდა, რომ ქალი მფრინავი აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში. ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ,” – ამბობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ეკატერინე ქვლივიძის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე და ჩაატაროს შიდა მოკვლევა, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

იტვირთბა....