ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ, ერთჯერადი ამნისტია გამოცხადდება

ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემდგომში კი კანონდებლობა გამკაცრდება, რათა მშენებლობების პროცესში ამგვარი დარღვევები აღარ მოხდეს.

„თბილისის მერია სამშენებლო კანონმდებლობის რეფორმირებას აგრძელებს. შევხვდით სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და გავაცანით ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ საკანონმდებლო დონეზე. ეს, პირველ რიგში, შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადებას, შემდგომში კი კანონდებლობის უფრო მეტად გამკაცრებას, რათა მშენებლობების პროცესში ამგვარი დარღვევები აღარ მივიღოთ; ასევე ვაპირებთ, გავამკაცროთ კანონმდებლობა ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ნაწილში – გვინდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იყოს შესაძლებელი შენობის ფუნქციონირება და მასში ცხოვრება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს შეღავათების დაწესება დაუსრულებელი მშენებლობების მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი სურვილია, აღარ გაჩნდეს ქალაქში ასეთი დაუსრულებელი, უსახური მშენებლობები. ამ ინიციატივებს დეველოპერების მხრიდან საკმაოდ დადებითი რეაქცია მოყვა. ძირითად ნაწილში შევთანხმდით, რომ სამივე ცვლილება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებებიც, შენიშვნებიც. ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილეებთან – ილია ელოშვილსა და მაია ბითაძესთან ერთად სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამშენებლო კომპანიებს საშუალება ექნებათ, ცვლილებების პროექტს უფრო დეტალურად, წერილობითი ფორმით გაეცნონ, რის შემდეგად კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.

იტვირთბა....