ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგაშო ინფორმაცია: თბილისში ოჯახებიდან აღებული 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. გამოიკვლიეს ქუჩის მტვერიც. ინფორმაციის წყაროა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“. .

“შემოწმება მოხდა იმ ოჯახებში, რომლის ერთ-ერთ წევრს მაინც დაუდგინდა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კვლევის მთავარი მიზანი იყო ოჯახებში ტყვიის ძირითადი წყაროების გამოვლენა და პრობლემის მასშტაბურობის დადგენა. კვლევის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის. პრეზენტაცია 2 აპრილს არის დაგეგმილი.

კვლევაში ჩართული იყვნენ „ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ხარისხის ლაბორატორია“, აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველო“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 14 000-ზე მეტ ოჯახში წყლის ხარისხის და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ტარდება.

კვლევის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, შეგროვდება საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ, ასევე შემოწმდება წყლის ხარისხს და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა.

imedinews.ge

იტვირთბა....