ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზვრიშვილი: მცდარია, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ

“მცდარია წარმოდგენები, რომ პოლიციელ ქალებს ბევრი რამ არ შეუძლიათ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ , ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით,  არ არსებობს მიუღწეველი მწვერვალები,  მაგრამ  ამ მწვერვალების დასაპყრობად, ჯერ კიდევ იმაზე მეტი ძალისხმევის გაწევა უწევთ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.

“დღეს ჩვენ გვყავს ქალები მართლწესრიგის ოფიცრებად, ქალები პატრულ-ინსპექტორებად, ქალები მესაზღვრეებად, ქალები დეტექტივებად, ქალები, რომლებიც ბადრაგის ფუნქციებს ასრულებენ. ეს ადამიანები ატარებენ იარაღს, დასდევენ დამნაშავეებს, იცავენ საზღვარს და ისეთივე წარმატებით იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორი წარმატებითაც ფორმიანი მამაკაცები. ამიტომ ეს სტერეოტიპები, რომ არსებობს რაღაც “მამაკაცური” და “ქალური” თანამდებობები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამსხვრიოთ და უნდა დავამსხვრიოთ იმ მაგალითებით, რომელ მაგალითსაც მე და სხვა პოლიციელი ქალები წარმოვადგენთ.

ყველას გასაგონად მინდა ვთქვა და მაგალითი მივცე პირველ რიგში პოლიციელ ქალებს, რომ არ არსებობს მიუღწეველი მწვერვალები. არ არსებობს მწვერვალები, რომლის დაპყრობაც ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ სამწუხაროდ, ამ მწვერვალების დასაპყრობად, ჯერ კიდევ იმაზე მეტი ძალისხმევის გაწევა გვიწევს ხოლმე ვიდრე მამაკაცებს”.

იტვირთბა....