პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით და ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში.
ამის შესახებ მან პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბავშვთა კოდექსს განიხილავენ.
კილაძის თქმით, სასულიერო პირებს უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხებზე.
მისივე განცხადებით, ტყუილია, თითქოს კოდექსით აკანონებენ გარყვნილებას, ან შემოაქვთ „რაღაც სექსუალური აღზრდის გაკვეთილები.
„სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის, ჩემო მეგობრებო. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირევლად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. და ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურლი ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლეასიას და სხვა კონფესიებს ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით” – განაცხადა კილაძემ.