სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მუშაკების გაფიცვაზე საუბრისას განუცხადა.
მინისტრის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს არ შეექმნათ შეფერხება და ამ საკითხზე სამინისტროს დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც დღეს უკვე ძალაში შევიდა.
“ყველას ვარწმუნებ, არც ერთი სოციალური პროგრამების მოსარგებლეს შეფერხება არ შეექმნება. ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტრო სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ახლა მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანი გაკეთებულია. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული და შეწყვეტილი”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სოციალური მუშაკების მოლოდინები აქციის მიმართ გადაჭარბებული იყო, რადგან მათ თვეების განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე დეტალურად გაუწერეს რეალისტური სამოქმედო გეგმა.
მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია დილიდან მიმდინარეობს. ისინი ქვეყნის მასშტაბით სწორედ გაიფიცნენ და საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს იქამდე ამბობენ, ვიდრე მათი მოთხოვნები:
სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება, კადრების დამატება და სხვადასხვა სერვისების ამოქმედება არ დაკმაყოფილდება.
ამავე თემაზე: სოფო კილაძე: გაფიცული სოციალური მუშაკების მოთხოვნები უკვე გათვალისწინებულია კანონში