პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების კენჭისყრა გადადო, რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს.
კანონპროექტი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანს ეკუთვნის, რომელმაც ცვლილებები დღეს კომიტეტს წარუდგინა.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს შესთავაზა, საკითხისთვის დღეს კენჭი არ ეყარათ, ვინაიდან, პროექტი არსებული რეგულაციებით წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან მოდის და საჭიროა მისი დახვეწა.
ემზარ კვიციანი შეთავაზებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ცვლილებები დასახვეწი იქნება და დაიხვეწება.
„ამის შემდეგ კანონპროექტს მივიღებთ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. არის რაღაც წვრილმანები, რაც არ მოეწონათ, დავხვეწთ და კანონპროექტს მივიღებთ“, – განაცხადა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ასევე პროექტით, რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.