მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ დავის ფარგლებში ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა სამსახურში, ხუთი წლის წინ დაკავებულ პოზიციაზე, დაბრუნება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ახობაძე წერს.
“2019 წლის 1 მარტს აღმადგინეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში, რომლიდანაც უკანონოდ გამათავისუფლეს 2014 წლის იანვარში.
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ასევე დაეკისრა ჩემთვის განაცდურის 89 940 ლარის გადახდა. 13 მარტს ჩამერიცხა განაცდური 71 952 ლარის ოდენობით (89 940 ლარს მინუს 20% საშემოსავლო გადასახადი).
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შემიძლია ჩავთვალო, რომ ჩემი დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრთან დასრულებულია.
მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო იუსტიციის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, თითქოს სამსახურში აღდგენის უზრუნველსაყოფად მე ჯიუტად ვითხოვდი მ.ბ.-ს გათავისუფლებას. ჩემი ბრძოლის მიზანი არ ყოფილა სამსახურში, ხუთი წლის წინ დაკავებულ თანამდებობაზე, დაბრუნება და შესაბამისად, მორიგების ეტაპზე მე არაერთხელ შევთავაზე დანაშაულის პრევენციის ცენტრს ალტერნატიული გზები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სანაცვლოდ. ანუ, თავად ვამბობდი უარს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ, კონკრეტულ პოზიციაზე აღდგენაზე, სხვა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში (ა) სხვა ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენა; ან ბ) ვერ-აღდგენის კომპენსაცია; გ) ბოდიშის მოხდა). სწორედ ჩემს მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი ალტერნატივის ინტერპრეტაციაა თითქოს მე ვითხოვდი, დამატებით თანხას, სინამდვილეში კი, მე ვითხოვდი არა დამატებით თანხას, არამედ თუ ვერ აღმადგენდნენ იმ შემთხვევაში მოეცათ განაცდურს დამატებული ვერ-აღდგენის კომპენსაცია. ჩემს მიერ შეთავაზებული ალტერნატივები დადასტურებულია მორიგების მონაწილე მხარეების ხელმოწერებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მორიგების ოქმებში. 20 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ დამადანაშაულა ფულზე ვაჭრობაში: “ეს ადამიანი იძახდა, აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და რეალურად, ვაჭრობდა თანხაზე.” ეს განცხადება არის სიცრუე. ვერსად, ვერცერთ ჩემს გამოსვლაში თუ წერილობით დოკუმენტში ვერ ნახავთ ჩემს მიერ გაკეთებულ ასეთ განცხადებას. ალბათ, ისედაც ლოგიკურია, რომ თუ ფულზე ვვაჭრობდი “ერთი თეთრი” როგორც ფული ჩემთვის საინტერესო არ უნდა ყოფილიყო.
ფეისბუქ გვერდზე, დანაშაულის პრევენციის ცენტრმა გამოთქვა იმედი, რომ სამსახურში გამოცხადების შემთხვევაში, მე გამოვიჩენდი კოლეგიალობასა და პატივისცემას თითოეული თანამშრომლისადმი და არ ვიქნებოდი მოწოდებული პროვოკაციებისა და დაპირისპირებებისათვის, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა წარსულში. კატეგორიულად გამოვრიცხავ ჩემს მიერ წარსულში რაიმე სახის პროვოკაციებს, არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას და უპატივისმცემლობას თანამშრომლებისადმი. სამაგიეროდ, თეა წულუკიანის, წარსულ განცხადებებს რომ შევეშვათ, ბოლო განცხადებაში მან ისაუბრა რომ მე ფულზე მოვაჭრე ვარ. ასევე მიწოდა პარტიული აქტივი. არა მგონია, ეს განცხადებები საკუთარი თანამშრომლის მიმართ კოლეგიალური იყოს.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ დავის ფარგლებში ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა სამსახურში, ხუთი წლის წინ დაკავებულ პოზიციაზე, დაბრუნება. (თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ხუთი წლის წინანდელი სამუშაო ჩემთვის არ იქნებოდა საინტერესო და არ მომცემდა განვითარების საშუალებას. ცხადია, ხუთი წლის წინ უკანონოდ რომ არ გავეთავისუფლებინე იუსტიციის სამინისტროს, დღეს იმავე პოზიცაზე არ ვიქნებოდი).
ბუნებრივია, ისიც გათვალისწინებული მქონდა, რომ ამ სამსახურში ჩემი მუშაობა არ იქნებოდა ჩემთვის კომფორტული. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ თეა წულუკიანის განცხადებებსა და საერთო გარემოს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში. მარტივი მაგალითი: სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, სამსახურში აღდგენის დღეს, ჩემი უშუალო უფროსის საშუალებით შემომითვალა, რომ “ამ ეტაპზე” არ მქონოდა უშუალო შეხება ბენეფიციარებთან (ახალგაზრდებთან). არადა, ჩემი თანამდებობა, ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი, სწორედ მათთან მუშაობას გულისხმობდა.
ამ დავის დაწყების დღიდან, ჩემი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა, იმისათვის რომ ჩემი ბრძოლა სამაგალითო იყოს სხვა საჯარო მოხელეებისთვის, იმისათვის რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მოექცეს საჯარო მოხელეს ისე, როგორც მე მომექცა იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი.
იქიდან გამომდინარე, რომ ხუთწლიანი დავის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩემი მიზანი შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს, მე 14 მარტს მივმართე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. განცხადება ხუთშაბათს, 21 მარტს, იქნა დამკაყოფილებული და დღეიდან მე აღარ ვარ დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი.
პ.ს. ქალბატონმა თეა წულუკიანმა 20 მარტს პარლამენტში გამოსვლისას, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია (თითქოს მე ფულზე ვვაჭრობდი – ვიძახდი აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და თითქოს მე ვარ ვინმეს პარტიული აქტივი). მე, თამაზ ახობაძე, ვიწყებ იურისტებთან კონსულტაციების გავლას, რის შემდეგაც არ გამოვრიცხავ მოვამზადო სარჩელი ქალბატონი თეა წულუკიანის წინააღმდეგ ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის გამო” – წერს ახობაძე სოციალურ ქსელში.