ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

” ნაცმოძრაობასთან დამეგობრების დაბრალება როგორ უნდა, ამას კობახიძე-მდინარაძეს სიამოვნებით ვაჩვენებ” – ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელსი , “პატრიოტთა ალიანსს“ ნაცმოძაობასთან „თვალის პაჭუნს“ გამოეხმაურა.

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ უპატივცემულობა, დაუფასებლობა, განურჩევლობა, – აი, ეს მოცემულობა სუფევს საქართველოს პარლამენტში.

„კობახიძე-მდინარაძის ტანდემი უკვე იმასაც კი კადრულობს, რომ (კანონპროექტის ირგვლივ არსებული აზრთასხვადასხვაობის გამო) ოპონენტები ნაცმოძრაობის მოკავშირეებად გამოაცხადონ. ძალიან სამარცხვინო პოზიციაა. იაფფასიანი, მორალს დაშორებული.

„პატრიოტთა ალიანსს“ იმას რომ ეტყვი, – ნაცმოძრაობასთან მეგობრებო, მარტო უმადური და ცილისმწამებელი კი არ ხარ, უბრალოდ, სახიფათო ხარ სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. სახიფათო ხარ იმიტომ, რომ შენ – სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი (მაღალი რანგის) ყველას ყველაფერს აკადრებ, გაუბედავ, დააბრალებ, ცილს დასწამებ და, რაც მთავარია, არ შეგრცხვება. დაგჭირდა და დააბრალე. ივანიშვილს ვეუბნები, რომ მალე მოვა დრო, როცა სწორედ ეს ხალხი იგივე „კომპლიმენტით“ შეგამკობთ, მოემზადეთ.

დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, წყალწმინდაში ხმის ჩამწერი აპარატით ჩავედი, მოკრიმანჭულე უნდა ჩამეწერა- კოწია ბაბუ. ჰოდა, შევხვდი ამ ბრძენ კაცს, ბევრი ვისაუბრეთ და მეუბნება: „შვილო, უბედურებაა, როცა ქვეყანას ხელში უმადური, ყველაფრისმკადრებელი უწვერულები ჩაიგდებენ, რომლებსაც, შეიძლება, წიგნი კი აქვთ წაკითხული, მაგრამ ამ წიგნში რა ეწერა, ის ვერ შეიცნესო“. ამ ინტერვიუს ჩაწერიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ეს სიტყვები სულ მახსოვს. უმადურება და ყველაფრის კადრებაა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ნაცმოძაობასთან „თვალის პაჭუნი“ დააბრალო. იმ ნაცმოძრაობასთან, რომლის დამნაშავე რეჟიმადაც გამოცხადებას მხარი არ დაუჭირე. მეტიც, რომელიც გადაარჩინე. რომელსაც შეერწყი და რომელიც უკვე თვითონ გახდი.

ახლა ის ვთქვათ, თავად კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ვინაა და ვისთან თანამშრომლობს ძალზედ ტკბილად, ჰარმონიულად, კომფორტულად და გემრიელად. ვისთან? და ნამდვილ, ნაცმოძრაობის ყველაზე რეაქციულ ფრთასთან, ბოკერიას სახით. ოთო კახიძის დანახვაზე სიხარულისა და სიამოვნებისგან აჟრიალებთ, ბოკერიას გარეშე დღის წესრიგს არ ადგენენ, საერთაშორისო ვიზიტებისას ბოკერიასთან ერთად მოგზაურობენ და ბოკერია რომ ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, „დემოკატიული“ მოთმინებით უსმენენ „ოპოზიციის“ წარმომადგენელს. მერე ამაყობენ იმით, რომ ასეთი თანაარსებობა შეუძლიათ და ასეთი სულგრძელობა.

2013 თუ 2014 წელია, ვაშინგტონში ვართ, ყველა კონგრესმენი, ვისაც შევხვდით, გაოცებული გვეკითხება, – თინა ხიდაშელი ჩამოდის და ივანიშვილს აკრიტიკებს, საკუთარ პარტიას აქებს და „ქართულ ოცნებას“ რუსულ ძალად მოიხსენიებს, ინფორმირებული ხართ ამის თაობაზე, თუ არაო? აი, ეს თინა ხიდაშელი დააყენა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის დირექტორად. სწორედ ის კურირებდა დასავლეთთან ურთიერთობას. „მაგრად“ შეასრულა ეს ამოცანა. „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის საზიანოდ!

ხალხის, ადამიანების, პიროვნებების, სახელმწიფო მოხელეებისა თუ მოღვაწეების შერჩევას სიბრძნე, დაფიქრება, ნიჭი სჭირდება. საკადრო პოლიტიკა თამაში არაა. ვინც კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარეობა და მდინარაძეს სახელისუფლებო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერობა ანდო, მას უნდა სცოდნოდა, რომ არ შეიძლება დაუმსახურებლად ჩაუგდო ხელში ქვეყნის ბედი მხოლოდ ინგლისური ენისა და იურისპუდენციის მცოდნე „კულტურულ რევოლუციონერებს“. ცოტა… ეროვნული ფასეულობები რას ნიშნავს, იმაშიც უნდა ერკვეოდნენ და ადამიანური ურთიერთობები, მენეჯმენტისა და მართვის კულტურა რას ნიშნავს, ეს ცოდნაც უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ უმრავლესობის პოლიტიკურ ელიტას. ვიმეორებ: სახელმწიფო კაცები უნდა იყვნენ!!!

ნაცმოძრაობასთან დამეგობრების დაბრალება როგორ უნდა, ამას კობახიძე-მდინარაძეს სიამოვნებით ვაჩვენებ.

რა სამართლიანობა აღდგება, როცა ყველაზე დიდი უსამართლობა დღეს პარლამენტში ხდება – ყვავები ბულბულობენ!

მაგრამ ამ პოლიტიკურ ყვავებს ვეუბნები: პარლამენტი არაა თქვენი შპს, პარლამენტი არაა თქვენი კერძო საკუთრება, ეს თავხედობა და ცინიზმი 2020 წლამდე ბევრად ადრე დასრულდება“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქში“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ადა მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – რომან გოცირიძესა და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა“.

იტვირთბა....