„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს სერიოზულად აღარავის აღიქვამს.
აღნიშნული კომენტარი მან კობახიძის განცხადების, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია საპასუხოდ გააკეთა.
“თუ სუსტია სამოქალაქო საზოგადოება და საკუთარ თავს ვაზიანებთ, მაშინ რატომ ღელავს ირაკლი კობახიძე ასე ძალიან, რატომ საუბრობს მუდმივად ჩვენ შესახებ? გამოდის, რომ ჩვენი პრობლემა მას არ უნდა ედგეს, თუ არავინ გვენდობა და ჩვენი პოზიციები არ არის გასათვალისწინებელი. ცხადია, ეს ასე არ არის და ცხადია, თუ ვინმე რამეს აზიანებს, ეს პირველ რიგში, არის თავად პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც აზიანებს პარლამენტისა და საერთოდ, ამ ქვეყნის რეპუტაციას, რადგან სრულიად სამარცხვინოა, როცა ის ამ სახით მუდმივად თავს ესხმის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. რატომ აკეთებენ ამას? ასე საუბრობენ იმის გამო, რომ მათ მწვავედ ხვდებათ კრიტიკა სწორედ იმ საკითხებზე, რასაც ჩვენ წამოვწევთ. ზუსტად ამ საკითხებზე არაერთხელ მოეთხოვათ პასუხი საერთაშორისო ფორმატებში, როგორც ოფიციალურად, ღიად გაცხადებული დეკლარაციების, დოკუმენტების სახით, ასევე დახურულ კარს მიღმა. ამის შესახებ ცნობილია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თუ სხვადასხვა ადგილობრივი აქტორი ცხადია, მათ ძალიან კრიტიკულად უსვამენ კითხვებს. მან რაც არ უნდა განაცხადოს ჩვენ შესახებ, ეს არ ცვლის ფაქტებს. ეს ცვლის იმას, რომ ზეწოლის ფაქტები არ გაზრდილა მეორე ტურის წინ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, ან რომ 600 000 ამომრჩევლის ვალის ჩამოწერა არ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის? ცხადია, როგორც “მგელი, მგელი”, აღარავინ აღიქვამს სერიოზულად მის განცხადებებს”, – განაცხადა ბენიძემ.