რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ პროკურატურის მხრიდან გაჩენილი კითხვები არავითარ კავშირში არ არის ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან.
როგორც მან პარლამენტში გამოსვლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ანაკლიის პოერტის პროექტის გარშემო ბევრი სხვადასხვა კითხვა, სხვადასხვა ვერსია და სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია არის გაჟღერებული.
“დღესაც მოვისმინეთ სხვადასხვა ვერსიები, მთავრობა როგორ აპირებს, რომ დაბლოკოს ეს პროექტი, ჩამოართვას პროექტი მამუკა ხაზარაძეს, გადასცეს ჩინელებს და ა.შ.ამ კითხვებზე საჭირო იყო პასუხის გაცემა. უშუალოდ პარლამენტში იყო ბევრი მსურველი ამ კითხვებზე პასუხების მიღების. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მიმემართა თხოვნით პარლამენტისთვის, რათა პლენარული სხდომის ფორმატში, სადაც ესწრებოდა ყველა კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის ყველა წევრი, მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მეც მქონოდა შესაძლებლობა, როგორც პარლამენტისთვის, ასევე პირველ რიგში საზოგადოებისთვის, მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რა ხდება ამ პროექტთან დაკავშირებით.
ამ პროექტს სირთულეები, სამწუხაროდ, ჰქონდა მანამდე, ვიდრე გაჩნდებოდა კითხვები კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ და ამ პროცესებს, ისევე როგორც „თიბისისთან“ მიმართებაში ეროვნული ბანკის ინტერესს, ისევე როგორც „თიბისის“ დამფუძნებლების მიმართ პროკურატურიდან გაჩენილ კითხვებს, ეს არავითარ კავშირში არ არის ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ გრძელდება მუშაობა, როგორც კონსორციუმთან, ასევე ბანკებთან იმისთვის, რომ მიაღწიონ კომპრომისულ გადაწყვეტილებას, რათა ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს წარმატებით.
„სამწუხაროდ, ჩვენ კონსორციუმისგან ვისმენთ იმასაც და გაჟღერებულია როგორც მედიაში, ასევე ოფიციალური განცხადებების სახით, რომ მათ აქვთ სრულად მოზიდული დაფინანსება, რომელიც არის საჭირო ამ პროექტის განხორციელებისთვის 620 მილიონი დოლარის ოდენობით. ასევე ვისმენთ სხვადასხვა ინფორმაციას, რომ მშენებლობა არც ერთი დღით არ არის შეყოვნებული და არავითარი ჩამორჩენა ამ პროექტთან დაკავშირებით არ არის, რომ თითქოს არ სჭირდება არც კონსორციუმს არავითარი გარანტია და საერთოდ ამ პროექტში არავითარი პრობლემა არ არის. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოების მხრიდან ჩნდება რაღაც ხელშემშლელი ფაქტორები.
არ შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას, არსებობს მეორე მხარე, სიმართლე, რომელიც მოვიტანე პარლამენტში. ის ინფორმაცია და ის მოთხოვნები, რომელიც არის კონსორციუმის და ბანკების მიერ წარმოდგენილი და ის საკითხები, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას იმისთვის, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ ის გარანტიები, რომელსაც ითხოვენ ბანკები, კომერციული გარანტიები და მთლიანად სესხის უზრუნველყოფის გარანტიები, არ უნდა იყოს მთავრობის პასუხისმგებლობა, ეს არ იყო მთავრობის ინტერესი, არ იყო ჩვენი განზრახვა, როდესაც ჩვენ ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებდით. ეს უნდა ყოფილიყო ინვესტორის სრული პასუხისმგებლობა. ჩვენ ვმუშაობთ და ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც კონსორციუმთან, ასევე ბანკებთან იმისთვის, რომ მივაღწიოთ კომპრომისულ გადაწყვეტილებას, თუ ეს იქნება შესაძლებელი, რათა ეს პროექტი განხირციელდეს წარმატებით უშუალოდ ამ კონსორციუმის მიერ”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.