“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” ერთიანდებიან. როგორც პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შეიქმნება საარჩევნო ბლოკი, რომლითაც ორი პარტია წარდგება შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე.
გაერთიანების სახელით მთაწმინდის ოლქში კენჭს შალვა შავგულიძე იყრის.
“ჩვენ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს როგორებიც არის ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლიანობის უზენაესობის დამკვიდრდება. ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური ბალანსის ამოქმედება. ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე მაგრამ ეფექტური მთავრობის მეშვეობით”- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
„ევროპული საქართველო“ მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის გამარჯვებაში დარწმუნებულია. გიგი უგულავას განცხადებით ეს გამარჯვება იქნება დასაწყისი იმის რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან წავიდეს.
„ჩვენი ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი. ჩვენი თანამშრომლობა არის სტრატეგიულ. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ის შუღლი გაუტანლობა, რომელსაც თესავს „ქართულ ოცნება“ უნდა დასრულდეს“- განაცხადა გიგი უგულავამ.