საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში, სადაც შეკითხვებს პასუხობდა განაცხადა, რომ არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს.
„არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს. ეს არაერთხელ განვაცხადე. „თიბისიმ“ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული. საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ,“- განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ თავის დროზე იდეის ინიციატორები თავად იყვნენ და საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად ექნება.
„ანაკლიის პორტი, როგორც იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ამავე დროს ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი,“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს პირდაპირი ჩართვა ჰქონდა სოციალურ ქსელში, სადაც ის შეკითხვებს პასუხობდა.