მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, როგორ დასრულდეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული ლაითურის დაწესებულების მშენებლობა.
„თუ ტენდერში პროფესიონალი კომპანია შეგვხვდება, ვფიქრობთ, რომ 2021 წელს შევძლებთ, შევხვდეთ უკვე ახალი დაწესებულებით ლაითურში, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება, პირველ რიგში, დაიხუროს გეგუთის საბჭოური ტიპის გადმონაშთი, ე.წ „ზონა“. ასევე ვგეგმავთ ქსანში ტუბდისპანსერის ინფრასტრუქტურის პენიტენციურ დაწესებულებად გარდაქმნას, რადგან 700-კაციან ტუბდისპანსერში (რომელიც წინა ხელისუფლების დროს აშენდა, რადგან მაშინ „ც“ ჰეპატიტის ეპიდემია მძვინვარებდა) დღეს მხოლოდ 56 პირია მოთავსებული, რადგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების სხვადასხვა მინისტრმა წარმატებული სამედიცინო რეფორმა განახორციელა. შესაბამისად, ქსანში მცირე ზომის სამი ახალი დაწესებულება გვექნება. ამ ინფრასტრუქტურების მშენებლობის შედეგად შევძლებთ, რომ გეგუთის, რუსთავისა და ქსნის ძველი დროის გადმონაშთებს, ე.წ. ზონებს დავემშვიდობოთ. მე მინდა თავისუფლებააღკვეთილი პირების საყურადღებოდ ვთქვა – საუბარი არ არის იმაზე, რომ იყოს საკნური ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანები მუდმივად ჩაკეტილ მდგომარეობაში იქნებიან. ჩვენ გვინდა რესოციალიზაცია, რეაბილიტაციაზე მორგებული ინფრასტრუქტურა და ამ „ზონებს“ ჩვენ დავკეტავთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, გაუქმდა “ავადსახსენებელი სასჯელაღსრულების სპეცრაზმი”, რის ნაცვლადაც დაფუძნდა ესკორტის სამმართველო, რომელსაც დღეს ახალი უნიფორმები გადაეცა.
„2018 წლის 5 ივლისს იუსტიცია და სასჯელაღსრულება გავაერთიანეთ ცხრაწლიანი წყვეტის შემდეგ, ამ გაერთიანებიდან რვა თვე გავიდა და უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა სასჯელაღსრულების ყოფილი სისტემის სრულფასოვანი ინტეგრაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოხდეს.
დღეს, გლდანის რაიონში და არა გლდანის ციხეში, როგორც ეს ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა, გადავეცით ფორმები ესკორტის ოფიცრებს და 70 პროცენტი უკვე აღიჭურვა უნიფორმებით, რაც ჩვენი ყოფილი ბადრაგების და ამჟამად ესკორტის ოფიცრების მრავალი წლის მოლოდინი იყო. იგეგმება გარე დაცვის სისტემის რეფორმა და ირაკლი სესიაშვილთან გვაქვს სერიოზული დისკუსია იმაზე, როგორ გავაუქმოთ წვევამდელთა ინსტიტუტი ეტაპობრივად და მთლიანად გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე.
ასევე, პატიმრებს მივეცით მაცივრები, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკვების ხარისხი საპატიმროში უმნიშვნელოვანესია. მაღაზიების ფასები მოვაწესრიგეთ, რათა აგვეკრძალა ფასზე ნამატი. დღეს ციხეში და ციხის გარეთ პროდუქტს აქვს ერთი ფასი. თუ გარეთ ძვირდება, ძვირდება შიგნითაც, მაგრამ თუ გარეთ არ ძვირდება, ციხის მაღაზიებში ფასის ნამატი აღარ არსებობს”, – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში.