დამრჩა განცდა, რომ ოთარ კახიძეს კომიტეტის სხდომიდან წასვლა სურდა და ასეთი კრეატიული საშუალება ამისთვის მოიფიქრა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ მასსა და ოთარ კახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
„ვსაუბრობდი, მქონდა კომენტარის გაკეთების სურვილი, შემდეგ კითხვის დასმის, რისი საშუალებაც მან არ მომცა, ჩაერთო საუბარში. მივუთითე კორექტულობისკენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა. თუ მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება არის შეგინება, ჩათვალოს, რომ შეგინებულია. ოთარ კახიძე სწორად მოქცეულა, ბოდიში რომ მოიხადა. ჩვენ გვქონდა კომიტეტის სხდომა. განსახილველი საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ნებისმიერი ხელისშემშლელი გარემოება საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. რადგან მე ამ პროცესის მონაწილე ვიყავი, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ოთარ კახიძესა და უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ბერაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
კახიძემ ბერაიას ფურცლები შეაყარა. შექმნილი ვითარება კი, მანდატურმა განმუხტა.
კამათი კომიტეტზე საკითხის განხილვის პროცედურას შეეხებოდა. სხდომის წამყვანმა, დავით მათიკაშვილმა უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ბერაიას საკითხის მომხსენებელ ანრი ოხანაშვილისთვის კითხვის დასმის უფლება მისცა, რაც კახიძემ გააპროტესტა.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ.
იურიდიულ კომიტეტზე ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)