ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბესელიას კომიტეტზე გამოუცხადებლობის არგუმენტი მიუღებელია” – ოხანაშვილი

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომდეპუტატ ეკა ბესელიას არგუმენტი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა არასამუშაო დღეს ტარდებოდა და ამის გამო არ გამოცხადდა, ყოვლად მიუღებელია,

დეპუტატის თქმით, სხვადასხვა, მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომები უქმე დღეებზე არაერთხელ გამართულა.

„ეკა ბესელია არ გამოცხადდა შაბათს საკომიტეტო განხილვაზე. არგუმენტი, რომ ტარდებოდა არასამუშაო დღეს, არის ყოვლად მიუღებელი მარტივი მიზეზის გამო, სწორედ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში არაერთი სხდომა აქვს ჩატარებული იურიდიულ საკითხთა და სხვა კომიტეტებს, როგორც შაბათ დღეს, ასევე კვირას, შესაბამისად, ეს არ არის არგუმენტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ბესელიას კომიტეტისთვის დღევანდელ სხდომაზე მისი კანონპროექტის დღის წესრიგში შეტანის შესახებ არ მიუმართავს.

„დღეს სამუშაო დღეს ტარდება კომიტეტის სხდომა. ეკა ბესელიას ჰქონდა საშუალება, მოემართა კომიტეტისთვის წინასწარ და შეგვეტანა დღის წესრიგში. ასეთი მომართვა არ არსებობს, შესაბამისად, მიზეზი შიშვლდება მარტივად, მას არ სურდა კანონპროექტის გამოტანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, შაბათს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტებს განიხილავდნენ, ეკა ბესელია არ დაესწრო. დღის წესრიგის თანახმად, ეკა ბესელიასა და რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტიც უნდა განეხილათ.

 

იტვირთბა....