მთავარი პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისივე ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ტერიტორია, სადაც იყვნენ განლაგებული.

ციხელაშილმა ყველას მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

“არ დაფიქსირებულა ინციდენტი – გადმოსვლისა, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა, არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. მინდა ვთხოვო ყველას, მედიას, რომ ვიყოთ აღჭურვილი მაქსიმალური სიფრთხილით და პასუხისმგებლობით, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როცა ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, მავთულხლართების მიღმა, დიახ, სამწუხაროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები. არის ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზები და ამ პირობებში ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია, ამ პასუხისმგებლობისგან არც პოლიტიკოსები, არც ხელისუფლება, არც აქტივისტები არ თავისუფლდება. ეს არის ჩვენი საერთო სიკეთის, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. იყო გარკვეული განცხადებები აქტივისტების მხრიდან, რომელიც არ შეეფერება სიმართლეს და დამატებით კიდევ გარკვეული დაძაბულობას აჩენს, ისედაც ოკუპაციის პირობებში ცხოვრება არის ძალიან რთული ფაქტორი და არ არის საჭირო, გარკვეულ პროვოკაციებს წამოვეგოთ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – ამბობს ციხელაშვილი.” – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის,  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნისნულ ინფორმაციას ადასტურებდა რამდენიმე ადგილობრივიც.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გაცხადებით, სამი ნიღბიანი პირი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ 7 თებერვალს დამონტაჟებული სამეთვალყურეო კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრის აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

შემდგომში, გორის აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს.

“უბრალოდ სამი ნიღბიანი , ნიღბები უკეთიათ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ” – განმარტა მერმა.

იტვირთბა....