საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უერთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას, რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია.
სესიაშვილის შეფასებით, ეს ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს.
როგორც სესიაშვილი აცხადებს, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და სიტუაციას აკონტროლებენ.
„გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას, რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს. თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო, პირველ რიგში სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნისნულ ინფორმაციას ადასტურებდა რამდენიმე ადგილობრივიც.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გაცხადებით, სამი ნიღბიანი პირი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ 7 თებერვალს დამონტაჟებული სამეთვალყურეო კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრის აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
შემდგომში, გორის აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს.
“უბრალოდ სამი ნიღბიანი , ნიღბები უკეთიათ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ” – განმარტა მერმა.